სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო პრინციპები » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო პრინციპები

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო პრინციპები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“ შემუშავებულია საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგენენ ადამიანთა ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და შენობა-ნაგებობების, სათავსების, ტერიტორიის მოვლა-პატრონობის საერთო წესებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების, საწარმოების და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, შემდგომში - ობიექტები), მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო
ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისათვის და მათი მუშაკების, აგრეთვე მოსახლეობის მიერ.
2. ტექნიკური რეგლამენტი ასევე ადგენს სახანძრო უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირების ტექნოლოგიური პროცესებისათვის, აგრეთვე ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარებისას.
3. ამ ტექნიკურ რეგლამენტთან ერთად ასევე აუცილებელია მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტებით (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებულის, სტანდარტების) ხელმძღვანელობა, რომელებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულნი არიან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის იმ დებულებების მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობა-ნაგებობებში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის №57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობა-ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
5. სამხედრო დანიშნულების, რადიოაქტიური და ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების წარმოების, გადამუშავების და შენახვის, პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვის, სამთო საწარმოო, ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში საწარმოო (მათ შორის ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირება), სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების, ფსიქიატრიული, ფსიქონევროლოგიური და სპეციალიზებული დანიშნულების სამკურნალო დაწესებულებების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტების უფლებამოსილ ხელმძღვანელებს შეუძლიათ დაადგინონ სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები (რომლებიც არ აქვეითებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს) მათი ექსპლუატაციის სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობების და სათავსების მქონე ობიექტებისათვის, წინმდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები გამოიყენება მათი ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად.

მუხლი 3. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები

1. ადვილაალებადი სითხე – წვადი სითხე, რომლის ორთქლის ანთების ტემპერატურა არის 610 C და ნაკლები.

2. აეროზოლური პროდუქციის სახანძრო საშიშროების დონე – აეროზოლური შეფუთვის მქონე პროდუქციის სახანძრო საშიშროების მახასიათებელი, რომელიც განისაზღვრება ჭურჭლის შიგთავსის წვის შედეგად გამოყოფილი სითბოს მიხედვით.

3. აეროზოლური შეფუთვა – ლითონის, მინის ან პლასტმასის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია ჭავლის სახით აეროზოლის მისაღებად და შედგება სარქველის, გამაფრქვეველი თავაკისა და დამცავი ხუფისაგან.

4. ავარიული გასასვლელი – გასასვლელი (კარები, ლიუკი), რომელიც გადის საევაკუაციო გზაზე, უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში და გამოიყენება როგორც დამატებითი გასასვლელი ადამიანთა გადასარჩენად. ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობებთან საევაკუაციო გზების და გასასვლელების საჭირო რაოდენობისა და ზომების შესაბამისობის შეფასებისას საავარიო გასასვლელები მხედველობაში არ მიიღება.

5. ობიექტი - ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა ქონება), რომლისთვისაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები.

6. ობიექტის სახანძრო საშიშროება – ობიექტის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ხანძრის გაჩენის და განვითარების, აგრეთვე ადამიანებსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით.

7. ობიექტის სახანძრო უსაფრთხოება – ობიექტის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ხანძრის გაჩენის და განვითარების, აგრეთვე ადამიანებსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობით.

8. ობიექტის ფეთქებადხანძარსაშიშროება – ობიექტის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება აფეთქების და ხანძრის განვითარების ან ხანძრის განვითარების და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით.

9. დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

10. ევაკუაცია – ადამიანთა ორგანიზებული დამოუკიდებელი მოძრაობის პროცესი, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების არადამოუკიდებელი გადაადგილება მომსახურე პერსონალის დახმარებით გარეთ ან უსაფრთხო ზონაში იმ სათავსებიდან, რომლებშიც არსებობს მათზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობა.

11. კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – ორგანიზაციული ღონისძიებების, მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების, საინჟინრო სისტემების და ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ხანძრის დროს შენობა- ნაგებობების დაკვამლიანების, აგრეთვე ადამიანებსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილების ან შეზღუდვის მიზნით.

12. კონსტრუქციის ცეცხლმედეგობის ზღვარი – დრო ცეცხლის ზემოქმედების დაწყებიდან აღნიშნული კონსტრუქციისათვის ნორმირებული ცეცხლმედეგობის ერთ-ერთი ზღვრული მდგომარეობის დადგომამდე.

13. ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული.

14. ნივთიერებების და მასალების ხანძარფეთქებადსაშიშროება – ნივთიერებების და მასალების უნარი წარმოქმნან წვადი (ხანძარსაშიში ან/და ფეთქებადსაშიში) გარემო, რომელიც დამოკიდებულია მათ ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე ან/და ხანძრის პირობებში მათ მოქმედებებზე.

15. პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში ახდენს წვის პროდუქტების (აეროზოლი, კვამლი) გენერირებას სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად, სხვადასხვა სპეციალური (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური) ეფექტების შესაქმნელად.

16. რეკონსტრუქცია – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით.

17. საევაკუაციო გასასვლელი – გასასვლელი, რომელიც გადის ევაკუაციის გზაზე, უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში.

18. საევაკუაციო გზა – ადამიანთა მოძრაობის ან/და გადაადგილების გზა, რომელიც მიემართება უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში და აკმაყოფილებს ხანძრის დროს უსაფრთხო ევაკუაციის მოთხოვნებს.

19. სახანძრო ნაკვეთური – შენობა-ნაგებობის ხანძარსაწინააღმდეგო კედლებით ან გადახურვებით გამოყოფილი ნაწილი, რომლის ცეცხლმედეგობის ხარისხი უზრუნველყოფს ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას მის ფარგლებს გარეთ, ხანძრის მთელ პერიოდში.

20. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები.

21. საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკური ნაკეთობა – თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად სპეციალური სამუშაოების, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიებების ჩატარების დროს.

22. საწარმოო ობიექტები – სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კავშირგაბმულობის დანიშნულების ობიექტები (მათ შორის, სასაწყობო, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები).

23. უსაფრთხო ზონა – ზონა, რომელშიც ადამიანები დაცული არიან ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ან რომელშიც არ არსებობს ხანძრის საშიში ფაქტორები.
24. შენობა-ნაგებობების და სახანძრო ნაკვეთურების ცეცხლმედეგობის ხარისხი – შენობა-ნაგებობების და სახანძრო ნაკვეთურების კლასიფიკაცია, რომელიც განისაზღვრება გამოყენებული სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობის ზღვრით.

25. შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) – შენობა- ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად.

26. შენობების, ნაგებობების და სათავსების ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიები – განისაზღვრება საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობების და სათავსებისათვის (მათი ფუნქციონალური დანიშნულების მიუხედავად), სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

27. აფეთქებახანძარსაშიში შენობა-ნაგებობები და სათავსები (შემდგომ − აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, მომეტებული აფეთქებახანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიების საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები, მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით.

28. წვადი გარემო – გარემო, რომელსაც გააჩნია აალების უნარი ანთების წყაროს ზემოქმედების შედეგად.

29. წვადი მასალები (ნივთიერებები) – მასალები, რომელთაც აქვთ თვითაალების, აგრეთვე აალების უნარი ანთების წყაროს ზემოქმედების შედეგად და განაგრძობენ წვას მისი მოცილების შემდეგ.

30. წვადი სითხე – სითხე, რომლის ორთქლის ანთების ტემპერატურა არის არანაკლებ 610 C.

31. ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში ზონა – ღია ან დახურული სივრცის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მუდმივად ან პერიოდულად ბრუნავენ წვადი ნივთიერებები და სადაც ისინი შეიძლება იმყოფებოდნენ როგორც ტექნოლოგიური პროცესის ნორმალურ რეჟიმში, ასევე მისი დარღვევის (ავარიის) დროს.

32. ხანძარსაშიში სამუშაოები – წვადი ლაქების და საღებავების, წებოს, მასტიკის, ბიტუმის, პოლიმერული და სხვა წვადი მასალების, ლითონის ჭრასთან, ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული, აგრეთვე აირ და ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოები.

33. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – ორგანიზაციული ღონისძიებების და ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ადამიანებისა და
ქონების დასაცავად ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ან/და ობიექტზე მათი ზემოქმედების შედეგების შეზღუდვის მიზნით.

34. ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდე – ცეცხლმედეგობის ნორმირებული ზღვრის და კონსტრუქციული სახანძრო საშიშროების ნორმირებული კლასის მქონე სამშენებლო კონსტრუქცია, შენობის მოცულობითი ელემენტი ან სხვა საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც გათვალისწინებულია შენობა-ნაგებობის ერთი ნაწილიდან მეორეზე ან შენობა-ნაგებობებს შორის ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

35. ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი – სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ძირითადი სახე, რომელიც უტარდება აფეთქებახანძარსაშიში და ხანძარსაშიშ საწარმოო, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანი და მეტი) საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე იმ ობიექტებში მომუშავე თანამშრომლებს, სადაც მუდმივად (უწყვეტლივ 2 საათზე მეტ ხანს) იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

36. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი – ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი ნორმირებული მანძილი შენობა-ნაგებობებს შორის.

37. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი - სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს ადამიანის ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და ორგანიზაციის, ობიექტის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობისა და სათავსის მოვლა-პატრონობის წესებს.

38. განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი - არის სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც შეიძლება დადგინდეს საქართველოს მთავრობის ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაბამის ტერიტორიაზე ხანძრის საშიშროების მომატების შემთხვევაში.

39. ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემები – ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა (მაუწყებლების მართვის ხელსაწყოები, სახანძრო მაუწყებლები), რომლებიც გამოიყენება ხანძრის შესახებ მაუწყებლობისათვის.

40. ხანძრის კერა – ხანძრის გაჩენის ადგილი.

41. ხანძრის საშიში ფაქტორები – ხანძრის ფაქტორები, რომელთა ზემოქმედება შეიძლება იქცეს ადამიანთა ტრავმირების, მოწამვლის მიზეზად ან გამოიწვიოს მათი
სიკვდილი ან/და მატერიალური ზარალი.

42. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები – ადამიანის მიერ ხანძრის ჩაქრობის გადასატანი ან გადასაზიდი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხანძრის ჩაქრობის მიზნით მისი განვითარების საწყის ეტაპზე.

43. ავტოგასამართი სადგური - ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

44. ავტოგასამართი კომპლექსი - ტექნოლოგიური სისტემის, შენობა- ნაგებობების მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ორი ან სამი სახეობის საწვავის - ბენზინის, დიზელის საწვავის, ძრავას ზეთის (შემდგომ - ნავთობპროდუქტები), გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

45. აირგასამართი სადგური - სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის ავზების გამართვას გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით.

46. აირსავსები საკომპრესორო სადგური - სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზების გამართვას შეკუმშული ბუნებრივი აირით.

47. ნავთობის ბაზა (ტერმინალი) - ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე ნავთობპროდუქტების გადასატვირთად, სხავადასხვა სახის ტრანსპორტით ნავთობპროდუქტების მისაღებად და მომხმარებლებზე გასაცემად, აგრეთვე შესანახად.

48. რეზერვუარი - ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის შესანახად განკუთვნილი სტაციონარული ჭურჭელი.

მუხლი 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მოსახლეობის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის 27 -ე მუხლით.
2. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტები ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ, მხოლოდ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში.
3. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების და მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით და 51-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება/ეკისრებათ:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს;
ბ) მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელებს;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლად დანიშნულ პირს.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში შესაბამისი ბრძანებით სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა.
6. ობიექტის ხელმძღვანელებს აქვთ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისი ბრძანებით დანიშვნის უფლება, რომლებმაც დაკავებული თანამდებობით ან შესასრულებელი სამუშაოების ხასიათის მიხედვით უნდა შეასრულონ სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესები ან უზრუნველყონ მათი შესრულება განსაზღვრულ სამუშაო უბნებზე, მოქმედი ნორმატიული და სხვა აქტების ფარგლებში.
7. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხანძრის შესახებ შეტყობინების მისაღებად საქართველოს სატელოფონო ქსელში დადგენილია ერთიანი ნომერი – „112“ dle
2154
    

კომენტარები -
0