ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები

ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები

ხანძრის ქრობის პირველად საშუალებებს განეკუთვნება სხვადასხვა ტიპის ცეცხლსაქროები და სახანძრო დაფები, რომლებიც გამოიყენება საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებში, გარე ტექნოლოგიური დანადგარების აფეთქებახანძარ და ხანძარსაშიშროების კატეგორიების მქონე ობიექტებზე ხანძრის ჩასაქრობად მისი წარმოშობის საწყის ეტაპზე.

ხანძრის ჩაქრობა პირველადი საშუალებებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც გამოიყენება სავაჭრო, მრავალფუნქციური ცენტრებში, საწყობებში, სპორტულ კომპლექსებში, ოფისებსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში ხანძრის ჩასაქრობად მისი დაწყებისთანავე.
- ცეცხლსაქრობები ტიპის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად:
- გადასატანი (ბორბლებიანი) ცეცხლსაქრობები;
- ხელის ცეცხლსაქრობები.

როგორ ხდება ცეცხლმაქრის ტიპის და საჭირო რაოდენობის დადგენა შესაბამის ორგანიზაციებში?

- ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები გამოყენების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად:
- ქაფის;
- წყლის;
- ფხვნილის;
- ნახშირორჟანგის.

- საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანების ,,საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დანართი №3-ის შესაბამისად ხანძრის ჩაქრობის პირველადი სასუალებების სახეობებისა და რაოდენობის განსაზღვრისას უნდა იყოს გათვალისწინებული წვადი ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური და ხანძარსაშიში თვისებები, მათი დამოკიდებულება ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან, აგრეთვე საწარმოო სათავსების, ღია მოედნების და დანადგარების ფართობი.

- ცეცხლსაქრობებით ტექნოლოგიური მოწყობილობების დაკომპლექტება ხორციელდება ამ მოწყობილობებზე ტექნიკური პირობების (პასპორტების) მოთხოვნათა ან სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების თანახმად.

- ცეცხლსაქრობების ტიპის შერჩევა და საჭირო რაოდენობის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს ცეცხლის ჩაქრობის უნარის, ზღვრული ფართობის, წვადი ნივთიერებების და მასალებით გამოწვეული ხანძრის კლასის მიხედვით:

A კლასი - ძირითადად ორგანული წარმოშობის მყარ ნივთიერებათა ხანძრები, რომელთა წვასთან ახლავს ბჟუტვა (მერქანი, ქსოვილი, ქაღალდი);
B კლასი - წვადი სითხეების ან დნობად მყარ ნივთიერებათა ხანძრები;
C კლასი - აირების ხანძრები;
D კლასი - ლითონისა და მათი შენადნობების ხანძრები;
(E)E- ხანძრები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროდანადგარების წვასთან.

> ცეცხლსაქრობის ტიპის შერჩევას (გადასატანი ან ხელის) განაპირობებს ხანძრის შესაძლო კერების ზომები. მათი საკმაოდ დიდი ზომების შემთხვევაში აუცილებელია გადასატანი ცეცხლსაქრობების გამოყენება.
> შესაბამისი ტემპერატურული ზღვრით ცეცხლსაქრობის შერჩევისას აუცილებელია შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის კლიმატური პირობების გათვალისწინება.
> დასაცავი სათავსებისათვის, სადაც შესაძლებელია ხანძრის კომბინირებული კერების გაჩენა, ცეცხლსაქრობების შერჩევისას უპირატესობა ეძლევა მათ შორის უნივერსალურს.
> ობიექტზე უნდა განისაზღვროს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების აღრიცხვაზე, შენახვასა და მოქმედებისთვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელი პირი. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების არსებობის და მდგომარეობის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს სპეციალურ ჟურნალში.


რა მინიშნებები უნდა გააჩნდეს ორგანიზაციებში განთავსებულ თითოეულ ცეცხლსაქრობს?

> ორგანიზაციებში განთავსებულ თითოეულ ცეცხლსაქრობს უნდა გააჩნდეს რიგითი ნომრის აღმნიშვნელი თეთრი საღებავით შესრულებული წარწერა. თითოეულ ცეცხლსაქრობს უნდა ჰქონდეს დამღა, რომელზეც აღინიშნება ცეცხლსაქრობის ნომერი, მისი მარკა, დატუმბვის ან დაყენების თარიღი, შემდგომი შემოწმების თარიღი.
> საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებში თითოეულ სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი ხელის ცეცხლსაქრობი.
> სათავსების (მათ შორის სატელეფონო სადგურების, მუზეუმების, არქივების სათავსების) დასაცავად, სადაც განთავსებულია ელექტრონული მოწყობილობები და ინახება ისტორიული ფასეულობის მქონე ნივთები გამოიყენება ქლადონის და ნახშირორჟანგის ცეცხლსაქრობები, ხანძრის ჩაქრობისას ზემოთ აღნიშული ნივთების და მოწყობილობების ცეცხლმაქრი ნივთიერებებით დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
> ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სტაციონარული დანადგარებით აღჭურვილი სათავსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელის ცეცხლსაქრობებით მათი ნორმატიული რაოდენობის 50%-ის გათვალისწინებით.


სად და რა სიმაღლეზე უნდა განთავსდეს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები?


> შენობებში ცეცხლსაქრობები უნდა განთავსდეს დერეფნებსა და გასასვლელებში, ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსება არ უნდა აბრკოლებდეს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციას. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები უნდა იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილებზე იატაკიდან არაუმატეს 1,5მ სიმაღლეზე.

> ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების, არამექანიზებული ინსტრუმენტის და სახანძრო ინვენტარის განსათავსებლად საწარმოო და სასაწყობო სათავსებში აუცილებელია სახანძრო დაფების მოწყობა, რომელთა საჭირო რაოდენობა და სახეობა განისაზღვრება სათავსების, შენობა-ნაგებობების და გარე ტექნოლოგიური დანადგარების აფეთქებახანძარ და ხანძარსაშიშროების კატეგორიების, ერთი სახანძრო სტენდით დასაცავი ზღვრული ფართობისა და ხანძრის კლასის შესაბამისად.


რა შემთხვევაშია საჭირო სახანძრო სტენდის მოწყობა?


> ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების, არამექანიზებული ინსტრუმენტის და სახანძრო ინვენტარის განსათავსებლად იმ საწარმოო და სასაწყობო სათავსებში, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარების მოწყობა, აგრეთვე საწარმოების (ორგანიზაციების) ტერიტორიაზე გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების არარსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ საწარმოების შენობა-ნაგებობები, გარე ტექნოლოგიური დანადგარები წყლის წყაროებიდან 100მ არის დაშორებული, აუცილებელია სახანძრო სტენდების მოწყობა, რომელთა საჭირო რაოდენობა და სახეობა განისაზღვრება სათავსების, შენობა-ნაგებობების და გარე ტექნოლოგიური დანადგარების აფეთქებახანძარ და ხანძარსაშიშროების კატეგორიების, ერთი სახანძრო სტენდით დასაცავი ზღვრული ფართობისა და ხანძრის კლასის მიხედვით.

> სახანძრო სტენდის დაკომპლექტება ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით, არამექანიზებული სახანძრო ინსტრუმენტით და ინვენტარით უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმების მიხედვით.
> ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების, არამექანიზებული სახანძრო ინვენტარის და ინსტრუმენტის გამოყენება სამეურნეო და სხვა საჭიროებისათვის, რაც არ არის დაკავშირებული ხანძრის ჩაქრობასთან, დაუშვებელია.


კითხვები:
1. რა ტიპის ცეცხლმაქრის გამოყენებაა რეკომენდებული არქივების და მუზეუმების საცავებში?
2. რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ხდება ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა?

გამოყენებული ლიტერატურა
1. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
2."საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები" დამტკიცებული (საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N449 ბრძანებით);
3. სახანძრო საქმის საფუძვლები. dle
1349
    

კომენტარები -
0